- ჯგუფური პანო: მართა დუმბაძე, მარიამ ტალახაძე ...
- 2021
- 10-12 წ.
„ქართული ბუნების ორკესტრი“
ახალი პანოსთვის ჯგუფმა გადაწყვიტა პეიზაჟი დაეხატათ და მოისურვეს ტყეში ყველას საკუთარი ხე ჰქონოდა. შემდეგ მოიფიქრეს, რომ ეს ხეები ყოფილიყვნენ პერსონიფიცირებული და ისინი ქართული სამოსით გამოეხატათ, რადგან ეს ტყე საქართველოს ტყე იყო. ქართული ხალხური ინსტრუმენტები, რომელიც ასევე ხისგან მზადდება, მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ტყეში ხეთა შრიალი ყოველთვის განსაკუთრებულ მელოდიას გვთავაზობს და თითქოს ისინი ამ ინსტრუმენტებზე ასრულებენ თავის მელოდიას. ხეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსი მოსავთ და ნამდვილ ტყის ფოლკლორულ ანსამბლს წარმოადგენენ. აქ უკრავენ ფანდურზე, ჩონგურზე, სალამურზე, გარმონზე, დოლზე, დაირებსა და ქნარზეც კი. ანსაბლის დირიჟორი ნაბადმოსხმული მუხაა, რომელსაც ტანზე ვენახი შემოხვევია, ტოტებზე კი, რომელიც მკლავის იმიტაციაა არწივი აზის. არწივი და ხე ამოწვდილი ხმლებით დირიჟორობენ ორკესტრს. ტყის განაპირას, ქართულ-ტრადიციულ ლურჯ და თეთრფერებიანი სუფრაა გაშლილი. უკანა პლანზე მთები მღერიან. თითოეული მათგანი ქართულ ეთნოგრაფიულ სამოსშია შემოსილი. წარმოდგენილები არიან: ხევსურეთის, თუშეთის, იმერეთის, სვანეთის, ქართლ-კახეთის, რაჭისა და გურიის მთები. ისინი ახოვნად ასრულებენ საერთო სიმღერას და უკრავენ ხალხურ ინსტრუმენტებზე. სვანეთის მთას ყანწი დაუჭერია და თამადობს. აჭარელი მზე კი თვალგანაბული უსმენს და ტკბება ბუნების ბუმბერაზი და დიადი სანახაობით. საყურადღებოა კომპოზიციის ყოველი დეტალი. როგორი დიდი რუდუნებითაა შექმნილი და დამუშავებული. გათვალისწინებულია ქართული ტრადიციული ფერადოვნება. შთამბეჭდავია პერსონაჟების სახასიათო გამომეტყველებები. წინა პლანზე მარჯვნივ მხატვარი ხეა გამოსახული, რომელიც ბუნების მშვენიერი ჰარმონიის ასახვას ცდილობს.