- ჯგუფური პანო
- 2007
- 4-6
ცხოველები მატარებელს ელოდებიან. წინა პლანზე ნარინჯისფერქუდიანი დიდი დათუნიაა, რომელსაც ბევრი ბარგი აქვს. ეტყობა ძალიან დაღალა მძიმე ტვირთმა და მოლოდინმა – ერთმანეთზე დალაგებულ ლამაზ ჩემოდნებს ჩამოეყრდნო და სახეს ცხვირსახოცით იწმენდს. ქვემოდან ზღარბი მოიჩქარის ენაგადმოგდებული; ზურგზე წითელი ვაშლები აქვს. მეორე ზღარბი კი ზემოთ ელოდება. თაგვმა და წრუწუნამ მისი გართობა გადაწყვიტეს და მის წინ ცეკვა გამართეს. იქვე პოლიციელ ძაღლს ყურით ცელქი, უბილეთო ბაჭია დაუჭერია. ბაჭიას სიმწრისგან ცალი ფეხი აქვს ზემოთ აწეული და ცდილობს თავი იმართლოს; ციყუნა სკეიტბორდით წამოსულა, რომ უფრო ჩქარა მოსულიყო სადგურში. მას ერთ ხელში ბილეთი და მეორეში კი ბორბლებიანი ჩემოდანი აქვს. მეორე ციყუნა კი, როლიკებით წამოსულა. ძალიან ლამაზია ცისფერთვალება მელიაც, თავისი ფუმფულა კუდითა და მწვანე ქუდით. იქვე დროს არ კარგავენ და გამალებული ესაუბრებიან ერთმანეთს ბაჭიები. ზებრას კოვბოის ქუდი და ფეხსაცმელები აცვია; საყვარელი პინგვინით ეს-ესაა მოსულა და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს. ლიანდაგის მეორე მხარეს, სკამზე ფისო ჩამომჯდარა ის ქსოვდა და ეხლა გადაწყვიტა დაისვენოს. ფისოც მატარებელს გასცქერის, ხომ არ გამოჩნდაო. მის გვერდით მეორე დათუნიაა თაფლით სავსე კასრებით. კასრებიდან თაფლი მოჟონავს. მისი კოხტა ვარდისფერი ყელსახვევი ძალიან უხდება მწვანე მოკლესახელოებიან პიჯაკს. ყვითელბერეტიანი სპილო შესანიშნავ ხასიათზეა. მას ხორთუმით მწვანე ჩანთა უჭირავს და ზურგზე კი პატარა ბაჭია შემოუსკუპდა თავისი ბარგით. მეორე სპილო აწეული ხორთუმით მიიწევს მათკენ. წითელქუდა მაიმუნი გაზეთის ყიდვას ცდილობს და ნიანგის საგაზეთო ჯიხურს რომ მისწვდეს, ჩემოდანზე შემოსკუპულა. ყველაზე მაღლიდან ჟირაფი იცქირება, მას ძალიან უხდება ვარდისფერი ყელსახვევი, მაღალყელიანი ჩექმები და შანელის ჩანთა. კვიცი ნაყინის საყიდლად გაემართა. ბაჭია მას ულამაზეს და უგემრიელეს ნაყინს სთავაზობს. ლიანდაგებს შორის ალაგ-ალაგ ბალახია ამოსულა.